დავით ზალკალიანი უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
შვედეთში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებული მინისტერიალის ფარგლებში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, მოახლოებული სამიტის გათვალისწინებით.
მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სამივე ქვეყნის მისწრაფება ევროკავშირში გავწევრიანებისკენ და ხაზი გაუსვეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი, ამბიციური მიზნების დასახვის აუცილებლობას; მათ შორის, ევროკავშირთან მეტი ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის შესაძლებლობების გახსნას, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციას.
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონსულტაციას 2020 წლის სამიტისთვის ერთიანი პოზიციის შემუშავების მიზნით.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.