დავით ზალკალიანი - უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დასტურია

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არის დასტური ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების, – ამის შესახებ საქართველო საგარეო-საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებული დინამიზმით გამოირჩევა, რაზეც მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტები. ეს ვიზიტები მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტები გაკეთდება იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ჩვენც და უკრაინასაც.

საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკაზე. ვისაუბრებთ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, ტურიზმის განვითარებაზე.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ორ ქვეყანას შორის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის მუშაობის აღდგენა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდგომ იყო დაპაუზებული. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შედეგად სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის მუშაობა კიდევ უფრო მეტი ეფექტურობით შეუდგება მომავალი საქმიანობის განხორციელებას. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამოიღებს მნიშვნელოვან, კონკრეტულ შედეგებს“,- განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეწვია. 3 ივნისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.