დავით ზალკალიანი - უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა არ გადაიხედება, ელჩის დაბრუნების თარიღს განვსაზღვრავთ, ვფიქრობ, ეს პროცესი დიდხანს არ გაიწელება
დავით ზალკალიანი - უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა არ გადაიხედება, ელჩის დაბრუნების თარიღს განვსაზღვრავთ, ვფიქრობ, ეს პროცესი დიდხანს არ გაიწელება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა არ გადაიხედება.

„უკრაინის ელჩთან დაკავშირებით იცით, რომ დავიწყეთ კონსულტაციები. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ გადაიხედება სტრატეგიული პარტნიორობა.  ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მსგავსი გამოწვევა, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, როგორიც არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საერთო პოზიციების სუამ-ის ფარგლებში, ეს არ გადაიხედება.

ბუნებრივია, იმ გადაწყვეტილებამ გარკვეული პრობლემები შეექმნა და ამიტომ ამ პრობლემების გასააზრებლად საჭიროა ძალიან სერიოზული მსჯელობა ელჩთან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“,- განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღს, ზალკალიანი ფიქრობს, რომ პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება.

„თარიღს, როდის დაბრუნდება, ჩვენ განვსაზღვრავთ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდხანს არ გაიწელება ეს პროცესი. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან, მე ვიტყოდი, არამეგობრული განცხადებები უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის პარლამენტიდან, როდესაც მათ განაცხადეს, რომ საქართველო მათთვის არაფერია, რომ საქართველო გადახარშავს ამას. მე ვფიქრობ, რომ ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ჩვენი გადაწყვეტილების შესაბამისად, არ იყო მეგობრული საქართველოსთან მიმართებაში.

როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, სტრატეგიულმა პარტნიორებმა ერთმანეთს უნდა გაუგონ პირველ რიგში ყველა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

მე გუშინ მქონდა კარგი კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, მომილოცა დამოუკიდებლობის დღე, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც დღეს გახლავთ ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებში. ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით და რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება.

ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება იყო მცდარი, რადგან ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სხვა სტრატეგიული პარტნიორის სუვერენული უფლებების პატივისცემაზე, მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემაც ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილია, ამიტომ როდესაც სუვერენიტეტის უპატივცემულობაზეა საუბარი, ამას ვგულისხმობთ, რომ მართლმსაჯულების ნაწილი არის უგულებელყოფილი. ახლა ის (მიხეილ სააკაშვილი) არის ოფიციალური პირი უკრაინის, დავაკვირდებით,როგორი იქნება მისი განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში და ბუნებრივია, ყველაფერი ეს იქნება ჩვენს ურთიერთობებში უაღრესად მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, ოფიციალურმა თბილისმა თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიძახა, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნეს.