დავით ზალკალიანი „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას“ დიპლომატებს აცნობს [ფოტო]
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემაა „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურ ქმედებებს იწყებს საერთაშორისო პარტნიორებისთვის „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ გაცნობას. განიხილავენ, რა კრიტერიუმებით დაკომპლექტდა სია, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და სხვა საკითხებს აღნიშნულთან მიმართებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ყველა პარტნიორთან, რათა იმ პირთა მიმართ, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაული ჩაიდინეს, შესაბამისი ზომები იყოს მიღებული.
დადგენილების პროექტი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს მთავრობამ 26 ივნისს დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი. დოკუმენტის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები არიან.