დავით ზალკალიანი - სულისკვეთება, რომელიც აზერბაიჯანში პრემიერის ვიზიტის დროს სუფევდა, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დავით გარეჯის საკითხი გადაწყდება ორივე მხარის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე
საგარეო საქმეთა მინიტრი დავით ზალკალიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის აზერბაიჯანში ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებს.
მისი თქმით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა დავით გარეჯის საკითხი იყო.
„აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრის ძალიან კარგი ვიზიტი იყო. დავით გარეჯის თემა იყო განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ბუნებრივია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორების, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გვაქვს კიდევ ერთხელ გამოხატული მზაობა, რომ საკითხი, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს, ისე, როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩვენს ინტერესებს, ისე რომ გათვალისწინებული იყოს ორივე მხარის ინტერესი. ამიტომ, ის სულისკვეთება, რომელიც სუფევდა პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტის დროს, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი ჩვენი, ორივე მხარის, სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ზალკალიანმა.