დავით ზალკალიანი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციისთვის შესასრულებლად სავალდებულოა
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და გამარჯვებაა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიმართ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციისთვის შესასრულებლად სავალდებულოა და საქართველო ამისთვის ყველა შესაბამის ბერკეტს გამოიყენებს.
„ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ პირველ რიგში შესაბამისი მექანიზმები შევქმნათ ამ განაჩენის აღსასრულებლად და ასევე ბერკეტები, რომელიც არსებობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების ფორმატში. სწორედ ეს სტრუქტურაა, სადაც შემდგომ უნდა მოხდეს განხილვა თუ როგორ მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ განაჩენის აღსრულება. სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში ჩვენ მუდმივად მოვახდენთ ამ საკითხზე მსჯელობას და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა რუსეთის ფედერაცია იყოს ანგარიშვალდებული საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, მუდმივად წარმოადგინოს თავისი დამოკიდებულება და პროგრესი, თუ როგორ ასრულებს განაჩენს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, საქართველოს საგარეო უწყება ამ პროცესში, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იქნება ჩართული.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით, ერთი ხმის წინააღმდეგ, საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოს სამი თვის ვადაში უნდა ჩაურიცხოს.