დავით ზალკალიანი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამარჯვებაა, რომელიც საქართველომ მოიპოვა
დავით ზალკალიანი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამარჯვებაა, რომელიც საქართველომ მოიპოვა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის გამარჯვება, რომელიც საქართველომ მოიპოვა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მნიშვნელოვანი მასალები და მტკიცებულებები შეგროვდა, რომ აღნიშნული შედეგი დამდგარიყო. საგარეო უწყების მისია პროცესში აქტიურად იყო ჩართული და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გამარჯვებაა, რომელიც საქართველომ მოიპოვა. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროცესში პირველი დღიდან იყო ჩართული. ეს განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს ეხება. მნიშვნელოვანი მასალები და მტკიცებულებები იყო შეგროვებული, რათა აღნიშნული შედეგი დამდგარიყო. ამ საკითხში საერთაშორისო სამართლის აღსრულების მნიშვნელობა უაღრესად პრიორიტეტულია. შემდეგ უკვე აუცილებელია, მუშაობა გაგრძელდეს იმისთვის, რომ შესაბამისი მექანიზმების გათვალისწინებით გადაწყვეტილება აღსრულდეს. მუშაობას განვაგრძობთ. სტრასბურგში ჩვენი მისია ამ პროცესში ჩართული იყო და მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული, რათა ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით, ერთი ხმის წინააღმდეგ, საქმეზე  – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე.