დავით ზალკალიანი - ოპონენტები მოქმედებენ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე და იმ მიზნით, რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენონ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს
დავით ზალკალიანი - ოპონენტები მოქმედებენ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე და იმ მიზნით, რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენონ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის წარმოქმნას წინ უსწრებდა ჩემი შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ოპონენტებმა ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებაც სცადეს, რაც კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, როდესაც კომენტარი გააკეთა დავით გარეჯის საკიხთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, ოპონენტები მოქმედებენ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე და იმ მიზნით, რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენონ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს.

„მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხოლო ისინი მოქმედებენ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე და იმ მიზნით, რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენონ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, მაგრამ მერწმუნეთ, კომისიის ფარგლებში საუბარი აუცილებლად გაგრძელდება. კომისიებმა ეს უნდა შეათანხმონ. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიჩნდა ჩვენი მყარი არგუმენტები და ამ არგუმენტებით ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ, ორმხრივად მისაღებ ფორმებში და ჩარჩოებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რაც პრესკონფერენციის შემდეგ ოპოზიციის მხრიდან ვიხილე, არის ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება უაღრესად მგრძნობიარე საკითხის მიმართ“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მასთან შეხვედრისას განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება, რა თქმა უნდა, გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც.

„განვიხილეთ გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხი, რომელიც მემკვიდრეობით აგერ უკვე 25 წელია მოგვდევს და ვერ გადაწყდა ორივე მხარისთვის მისაღები ფორმით. ბუნებრივია, შევეცადე ვყოფილიყავი ძალიან ზუსტი შეფასებებში და ეს საკითხი არ ყოფილიყო გამოყენებული შემდგომი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, ვინაიდან ძალიან მგრძნობიარე, სენსიტიური საკითხია ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე. ამიტომ, პრესკონფერენციაზე ჩემს მიერ გაჟღერებული თემატიკა, ეხებოდა საქართველოს მზაობას, დაუყოვნებლივ განახლდეს მოლაპარაკებები კომისიის ფარგლებში. კომისია მთლიანად ახალი შემადგენლობისაა და ჩვენ მზად ვიყავით, ახალი რაუნდები ჩაგვეტარებინა, მაგრამ პანდემიამ არ მოგვცა ამის საშუალება. ამის მიუხედავად, კომისიაში ჩართული ყველა უწყება ყოველდღიურად მუშაობდა იმისთვის, რომ გაგვეანალიზებინა, სად ვართ, რა მოცემულობა გვაქვს და რა დამხმარე საშუალებები გვჭირდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავიმყაროთ პოზიციები. მოძიებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებები, მათ შორის კარტოგრაფიული რუკები და ექსპერტული დასკვნები, როგორც ჩვენი, ისე ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები. მე პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, გაჩნდეს გარკვეული კითხვები 2006-2007 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მივიღეთ დეზინფორმაციის ნიაღვარი ოპოზიციური პარტიების მხრიდან პირადად ჩემს მიმართ, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან მე ვმოქმედებდი როგორც სახელმწიფო მოხელე, ჩვენის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ოპონენტებმა ეს გამოიყენეს თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და მოახდინეს ამ ძალიან დელიკატური, მნიშვნელოვანი პროცესის პოლიტიზება, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.