დავით ზალკალიანი - სხვადასხვა ალტერნატიულ გზას მივმართავთ, რათა ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობები
დავით ზალკალიანი - სხვადასხვა ალტერნატიულ გზას მივმართავთ, რათა ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობები

სხვადასხვა ალტერნატიულ გზას მივმართავთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„ჩვენ სხვა ალტერნატიულ რეისებსაც ვამუშავებთ. მაგალითად, გუშინ პოლონეთსა და ბელარუსში ჩვენი საელჩოების ერთობლივი ძალისხმევით, კომბინირებულად, საჰაერო და სახმელეთო გზით სამშობლოში დავაბრუნეთ ჩვენი 71 მოქალაქე. ანუ, ჩვენ გამოვიყენეთ ის საჰაერო კორიდორი, რომელიც მინსკი-ერევნის მიმართულებით არსებობს, მაგრამ მაშინ ვარშავასთან არ იყო და ვარშავიდან ჩვენი 71 მოქალაქე ავტობუსებით გამოვიყვანეთ და მინსკის აეროპორტში გადავიყვანეთ; შემდეგ მინსკის აეროპორტიდან მათი დაბრუნება მოხდა ერევანში და ერევნიდან ასევე ავტობუსებით ჩამოვიყვანეთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს ხელისუფლებას ფაქტიურად, ყველა მიმართულება აქვს ათვისებული.

„გარკვეული პრობლემები იყო იტალიისა და ესპანეთის მიმართულებით, მაგრამ ფრენა უკვე იტალიის მიმართულებითაც გვაქვს და ესპანეთის მიმართულებითაც ორი ქალაქიდან – თბილისი-ბარსელონა-თბილისი და თბილისი-მადრიდი-თბილისი. ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობა იყო კონცენტრირებული ვარშავაში, საიდანაც რამდენიმე რეისი განვახორციელეთ და უკვე 500-მდე მოქალაქე გამოვიყვანეთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამ განცხადებით დავით ზალკალიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ყველაზე მეტად რომელი ქვეყნებიდან ჭირს საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა და რა ალტერნატიულ საშუალებებს მიმართავს მთავრობა ასეთ დროს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, მთავრობის ძალისხმევით სამშობლოში დაბრუნდა 5 000-ზე მეტი მოქალაქე, 4 000-ზე მეტ მოქალაქეს კი ადგილზე გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება და ეს მონაცემები ყოველდღიურად იცვლება.