დავით ზალკალიანი - სირიაზე აშშ-ის გადაწყვეტილება არის მკაფიო გზავნილი, რომ აშშ არ შეეგუება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას
სირიაზე ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება არის მკაფიო გზავნილი, რომ არ შეეგუება საერთაშორისო სამართლის ისეთი ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, რომლითაც სირია შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფინანსურ მხარდაჭერას ვერ მიიღებენ. მართალია, სირია ისედაც არ სარგებლობს ამერიკის ფინანსური მხარდაჭერით, ის არ არის ამერიკის ბენეფიციარი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მკაფიო გზავნილი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რომ არ შეეგუება საერთაშორისო სამართლის ისეთი მთავარი, ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის გამოძახილი იმ ჩანაწერისა, რომელიც განხორციელდა აშშ-ის ასიგნებათა აქტში. ეს მხარდაჭერა გამოხატულია როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
აშშ-მა სირია იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის შეზღუდვები უწესდებათ.