დავით ზალკალიანი შვეიცარიის შუამავლობით შესაძლოა, სერგეი ლავროვს შეხვდეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შვეიცარული მხარის შუამავლობით შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდეს.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, არაფორმალურ ვითარებაში გაიმართება.
ამასთან, დღეს გავრცელდა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის კომენტარი, რომელშიც მინისტრი აცხადებდა, რომ შვეიცარიის მხრიდან გაჟღერდა საინტერესო წინადადება, კერძოდ მათი მხრიდან მოხდება კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან, რათა გამოინახოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე მსჯელობის საშუალება, თუნდაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატის ფარგლებში.
„პარტნიორები ამ პოზიციას მხარს უჭერენ და მიაჩნიათ, რომ აუცილებელია დიალოგის გამოყენება და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ძალასთან, რომელიც ახორციელებს კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მკაფიოდ იქნას დაფიქსირებული ამ პროცესის გაგრძელების მიუღებლობა. ბუნებრივია, საქართველო იმოქმედებს პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის რეჟიმში“, – განაცხადა ზალკალიანმა.