შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი შვედეთის თავდაცვის მინისტრ პიტერ ჰულკვისტს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას, რაც გამოიხატება შვედეთის აქტიურ ჩართულობაში ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის სამხედრო განათლება, ექსპერტთა გაცვლა და ა.შ.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის როგორც საერთაშორისო ფორუმებსა და ფორმატებში, ასევე ორმხრივი ურთიერთობების დონეზე.
„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს, ასევე წარმატებულად შეფასდა ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა, რაც გამოიხატება მხარეებს შორის არსებულ უსაფრთხოების მაღალი დონის სტრატეგიულ დიალოგში. მაღალი შეფასება მიეცა ასევე საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის მისიებში მალისა და ცენტრალურ აფრიკაში.
აღსანიშნავია, რომ შვედეთში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ასევე შეხვდა შვედეთის იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრს მორგან იოჰანსონს. განხილული იქნა იუსტიციის და მიგრაციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმები“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.