დავით ზალკალიანი - შეთანხმება იძლევა ნიკა მელიას გათავისუფლების საშუალებას, არის შეთანხმების დაზიანების აშკარა მცდელობა
მიღწეული შეთანხმების დაზიანების მცდელობა მიუღებელია როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ნიკა მელიას და მისი პარტიის მხრიდან შეთანხმების დაზიანების მცდელობა ის, რომ საერთაშორისო მოწოდებების მოუხედავად, ნიკა მელია ციხეს არ ტოვებს.
„ეს არის ძალიან აშკარა მცდელობა იმისა, რომ უკვე მიღწეული შეთანხმების დაზიანება მოხდეს. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც, რადგანაც იმ შეთანხმებაში მთავარი მედიაცია წარმოებული იყო საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ეს არის ერთგვარად შედეგი იმ ერთობლივი მცდელობებისა, მათი მედიაციისა და მეორე მხარეს მთლიანად იმ ოპოზიციური თუ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური სპექტრის მცდელობებისა, ვინც გამოხატა თანხმობა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს და თუკი მათ აქვთ ნება, გაყვნენ ამ შეთანხმებას, იქ ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება. მათ თუ ეს სურთ, ყველაფერი შეთანხმებაშია და შეთანხმების იმპლემენტაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ ის იქნება თავისუფალი. არის აშკარა მცდელობა შეთანხმების გადასინჯვის, რასაც ვფიქრობ, არავინ დაეთანხმება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.