დავით ზალკალიანი - შენიშვნები არსებობს, თუმცა მთავარია, რომ საერთაშორისო დასკვნა არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების შედეგებს
დავით ზალკალიანი - შენიშვნები არსებობს, თუმცა მთავარია, რომ საერთაშორისო დასკვნა არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების შედეგებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, შენიშვნები, რაც არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს, მეორე ტურისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული.

თუმცა, ზალკალიანის განმარტებით, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის ეს შენიშვნები. გუშინ, ეუთო-ს დირექტორთან და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს საუბარი იყო, რომ არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ბევრ ქვეყანაში, რომლებსაც დემოკრატიული სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის ჩვენზე სერიოზული გამოცდილება აქვთ, მსგავსი პრობლემებია. ეს გასათვალისწინებელია და განცხადებებში საუბარია, რომ უნდა იყოს გათვალისწინებული შემდგომი მეორე ტურისთვის. ასევე, შემდგომი საპარლამენტო არჩევნების წინ უნდა იყოს გათვალისწინებული და გამოსწორებული. მაგრამ, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსად კითხვის ნიშანი არ არის, არ დგას ასეთი საკითხი იმ განცხადებებში, რომლებიც ახსენეთ, იგივე ევროკავშირის მისია, ამერიკის შეერთებული შტატების, საელჩოს განცხადება, გაერთიანებული სამეფოს განცხადება. იწყება იმით, რომ ისინი იზიარებენ ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული, თავისუფალ გარემოში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება კითხვას, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში სიტყვა სამართლიანი არ წერია, ზალკალიანის განმარტებით, მსგავსი შეფასებები, რაც დასკვნაშია მოცემული, არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას ნიშნავს.

„ძალიან კარგად ვიცი, რა ენით იწერება და რას ნიშნავს არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება, რას ნიშნავს ეუთო-ს სტანდარტები და პრინციპები. როდესაც ასეთი შეფასებები არის, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარება. არ უარვყოფ, რომ იყო შენიშვნები, არ უარვყოფ, რომ იყო საუბარი ხარვეზებზე, მაგრამ არის მოწოდება ყველა პარტიის, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მიმართაც, რომ მოემზადონ მეორე ტურისთვის და ხარვეზები, შენიშვნები უნდა იყოს გამოსწორებული, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ეს შენიშვნებია, ეს არის იმ პრობლემების გამოკვეთა, რომლებზეც იყო საუბარი, თუმცა მთლიანად, საერთაშორისო დასკვნა არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების შედეგებს, ეს არის მთავარი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.