დავით ზალკალიანი - შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღეს დღის წესრიგში არ დგას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, გერმანიის მთავრობის დელეგაციასთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
ზალკალიანი აღნიშნავს, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღეს დღის წესრიგში არ დგას.
„გუშინ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე სხვა უწყებებში, კერძოდ შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.
ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ახლოს მიგვაქვს ის წუხილი, რომელიც ჩვენს გერმანელ პარტნიორებს აქვთ და გუშინდელი შეხვედრაც სწორედ პრევენციული მექანიზმების შემუშავებას ემსახურებოდა.
შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღეს დღის წესრიგში არ დგას. თუმცა ჩვენ პროცესს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ჩვენს გერმანელ და სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ.
თავად ის ფაქტი, რომ გუშინ გერმანელების მხრიდან გაცხადებული იყო, რომ საქართველო მათი მხრიდან უსაფრთხო ქვეყნად განიხილება და მნიშვნელოვნად შემცირდება თავშესაფრის მაძიებელთა თხოვნის განხილვის პერიოდი სწორედ ნაბიჯია იქითკენ, რომ შემდგომი პრევენცია მოხდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.