დავით ზალკალიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტარო კონოს ხვდება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო საგარეო უწყებაში, ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს ხვდება.
შეხვედრის შემდეგ ნოტების გაცვლის გზით, იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) შესახებ შეთანხმება გაფორმდება, რის შემდეგაც მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. შეთანხმების შესაბამისად, იაპონიის მთავრობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით, 38.735.000.000 იაპონური იენის ოდენობის დაფინანსებას (დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარი) გამოყოფს, ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ.) მშენებლობისთვის.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.
გარდა ამისა, ტარო კონო პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს .
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეს არის იაპონიის მხრიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში და წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებას, ასევე საქართველოს მიმართ უმაღლეს დონეზე გამოვლენილ მხარდაჭერას.