საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, საბინე მახლს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო გაერო-ს გუნდსა და საქართველოს შორის მრავალწლიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესში, საქართველოში გაერო-ს გუნდის მიერ გაწეულ ძალისხმევასა და საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობის კუთხით, გაერო-ს მნიშვნელოვან როლზე.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაერო-ს შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტის თაობაზე. ჩარჩო-დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა 2020 წლის 2 ოქტომბერს, განსაზღვრავს მომავალი ხუთი წლისთვის საქართველოსა და გაერო-ს შორის თანამშრომლობის გეგმას და მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი განვითარებისთვის, 2030 დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერას.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა დოკუმენტში წარმოდგენილ საქართველოს განვითარების ეროვნულ პრიორიტეტებზე. მათ შორის, ხაზი გაესვა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებას, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, შექმნილი სავალალო ვითარების თაობაზე გაერო-ს წარმომადგენელს შეხვედრისას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია.