დავით ზალკალიანი - საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული კავშირები დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე, თავისუფლების სიყვარულზე, რაც ორივე სახელმწიფოსთვის ყველაფერზე მაღლა დგას
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული კავშირები დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების სიყვარულზე, რაც ორივე სახელმწიფოსთვის ყველაფერზე მაღლა დგას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.
„დამოუკიდებლობის პირველივე დღეებში, ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი, გვევლო დასავლურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისკენ მიმავალი გზით. ყოველთვის გვემახსოვრება, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით მაშინ, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე“,- განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ძალიან ახალგაზრდა დემოკრატიისათვის ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა გახლდათ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ორ ქვეყანას შორის მყარ პარტნიორობას.
მინისტრმა ისაუბრა დღეს არსებულ გამოწვევებზეც.
„წარმოუდგენელია, რომ დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგაც, იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ და გვიწევს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, დემოკრატია, დამოუკიდებლობა და ჩვენი უფლება, ავირჩიოთ საკუთარი ადგილი ცივილიზებული ერების მსოფლიო თანამეგობრობაში“,- აღნიშნა მინისტრმა.
ზალკალიანის თქმით, ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა და რომ როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა აგრძელებს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, შეუძლებელი იქნებოდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის გარეშე.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა 30 წლის მანძილზე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარების შესახებაც.
„90-იანი წლების დასაწყისიდან, მაშინ, როდესაც ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იყო წინსვლა, შეერთებული შტატები საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განათლების სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებდა. წლების განმავლობაში, საქართველოს ათასობით მოქალაქემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში. მათ შორის არიან სტუდენტები, რომლებმაც განათლება შეერთებული შტატების წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიიღეს.
ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თავდაცვის ძალების მზაობისა და შესაძლებლობების გაძლიერებისათვის. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის მეგობრობა მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილშიც გამოიწრთო. ახლახანს ხელმოწერილი მემორანდუმი საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის თაობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ფაზას გულისხმობს, კიდევ უფრო განამტკიცებს მზაობისა და თავდაცვის შესაძლებლობებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა და დასძინა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიამ, რომელსაც ხელი 2009 წელს მოეწერა, ორი ქვეყნის მეგობრობას ოფიციალური სახე მისცა და პარტნიორობა ახალ, უფრო მაღალ დონეზე აიყვანა.
მინისტრის თქმით, საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას, რათა სრულად იქნას გამოყენებული ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ეს პარტნიორობა გვთავაზობს, საერთო ინტერესების სასიკეთოდ.
„ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე პარტნიორობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. საერთო მიღწევების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის. გავაგრძელოთ ერთად მუშაობა მომდევნო წლებში ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებისათვის“, – აღნიშნა ზალკალიანმა.