დავით ზალკალიანი - საქართველოს ყველა მეზობლისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მეზობლად ჰყავდეს ქვეყანა მყარი სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტებით
დავით ზალკალიანი - საქართველოს ყველა მეზობლისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მეზობლად ჰყავდეს ქვეყანა მყარი სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტებით

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ქვეყნის სუვერენული არჩევანია. ეს ახალი მთავრობის ძირითად პრიორიტეტებშია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზა ქვეყანას და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს ყველა მიმართულებით აძლიერებს, როგორც თავდაცვის, ისე ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. ეს ქვეყნის პროგრესისა და დემოკრატიული გზის მაჩვენებელია. ძლიერი საქართველო, ქვეყანა, რომელიც სტაბილურია და თანმიმდევრულად ადგას დემოკრატიული განვითარების გზას, რეგიონში სტაბილურობის გარანტია და ყველა მისი მეზობლისთვის, ბუნებრივია, უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მეზობლად ჰყავდეს ქვეყანა, რომელიც მყარი სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტებით განვითარებულია. ასევე, თავდაცვის შესაბამისი რეფორმებით. ეს ასევე თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებაში გვეხმარება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.