დავით ზალკალიანი - საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსის წევრობისთვის
დავით ზალკალიანი - საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსის წევრობისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ღონისძიებაზე (NATO Engages: The Alliance at 70 Years) საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ შედეგებსა და მოლოდინზე ისაუბრა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ იმ ეტაპზე, როცა შესაძლებელი იქნება ნატო-ს  ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში, საქართველო იქნება მზად, რათა წინ წავიდეს ინტეგრაციის პროცესში.

„ჩვენ ვავითარებთ ძალიან მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას ალიანსის წევრებთან და ჩვენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მაღალია, ვთანამშრომლობთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში,  რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას და მდგრადობას. ჩვენ ასევე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საფრანგეთთან,  გერმანიასთან და ალიანსის სხვა წევრ ქვეყნებთან, და ვიმედოვნებ, რომ ეს  ყველაფერი კიდევ უფრო გვაახლოებს ნატო-ში გაწევრიანებასთან და გვამზადებს მომენტისთვის, როცა იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწვეტილება ალიანსის მხრიდან“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-ს დაარსებიდან საიუბილეო, 70-ე წლისთავზე გამართული საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ამათან, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს აღიარების მორიგ დემონსტრირებას და ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ალიანსის პოლიტიკური დღის წესრიგში.

„საქართველოში ჩატარებული წვრთნები და მასში ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რასაც ნატო ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას. საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში წევრობისთვის. წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნა, ასევე თანამშრომლობის სხვა მიმართულებები, კერძოდ შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით, სამხედრო წვრთნების თვალსაზრისით და სხვა – ეს ყოველივე უზრუნველყოფს, რომ ნატო კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საქართველოში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.