დავით ზალკალიანი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის წითელი ხაზი, რომლის დარღვევასაც ვერასდროს შევეგუებით
დავით ზალკალიანი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის წითელი ხაზი, რომლის დარღვევასაც ვერასდროს შევეგუებით

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ეს არის წითელი ხაზი, რომლის დარღვევასაც ვერასდროს შევეგუებით, ამას ვერანაირი ხელისუფლება ვერ და არ მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინსტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა აგვისტოს ომთან შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოს აქვს მთელი მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების ძალიან სერიოზული მხარდაჭერა.

„გამონაკლისია მხოლოდ რუსეთის ფედერაცია და რამდენიმე არშემდგარი სახელმწიფო, რომელთა რაოდენობა, ჩვენი დიპლომატიური მცდელობების შედეგად, მცირდება და მომავალშიც შემცირდება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ყველამ უნდა გამოიტანოს დასკვნა, მათ შორის რუსეთის ფედერაციამ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა არასდროს იქნება მიღებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო პოზიციებში თანმიმდევრულია, რუსეთის ფედერაცია კი, უნდა დაუბრუნდეს იმ პოზიციას, როდესაც მას საქართველო აღიარებული ჰყავდა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მინისტრის თქმით, სწორედ ეს იქნება კრემლის მხრიდან დეოკუპაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც შემდგომი ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.

„საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად არის ინფორმირებული და კარგად აცნობიერებს, როგორ დაიწყო ეს პროცესები. პროცესები 2008 წელს არ დაწყებულა, გაცილებით უფრო ადრე, 90-იან წლებში დაიწყო საქართველოს ოკუპაციის პროცესი. მაშინ უნდა ყოფილიყო შეფასებული, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ადეკვატური შეფასებები უნდა მისცემოდა ამ პროცესს, რომელმაც თავის კულმინაციას უკვე 2008 წელს მიაღწია“, – განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ფაქტია, რომ 2008 წელს მოხდა ინტერვენცია, რომელიც შემდგომ გაფორმდა ოკუპაციით.

„ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა და გაგება ამ პოზიციის. ჩვენ მხარეს არის საერთაშორისო სამართალი და სწორედ ამ პოზიციებით გამაგრებული ვსაუბრობთ ყველა საერთაშორისო ფორმატში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.