დავით ზალკალიანი - საქართველოს საელჩოები უზრუნველყოფენ, რომ ცესკო-მ ყველა ქვეყანაში შესაბამის პირობებში ჩაატაროს არჩევნების მეორე ტური
საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები უზრუნველყოფენ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა ქვეყანაში ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაბამის პირობებში, საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 39 ქვეყანაში საქართველოს საელჩოებში გახსნილია 55 საარჩევნო უბანი.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო პროცესის ხანგრძლივობა საზღვარგარეთის უბნებზე 24:00 საათამდე არის გაზრდილი. ყველა საარჩევნო კომისია საზღვრებს გარეთ უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განახორციელონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.
არჩევნების მეორე ტურისთვის საზღვარგარეთ გახსნილი უბნები ადგილობრივი დროით ღამის 12 საათამდე იმუშავებს.