დავით ზალკალიანი - საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან იყო ძალიან საინტერესო და შინაარსიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატის, სენატის პრეზიდენტ ჟერარ ლარშესთან შეხვედრისას იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც საქართველო-საფრანგეთის ორმხრივ ურთიერთობებში აქტუალურია.
„ძალიან საინტერესო, შინაარსიანი შეხვედრა იყო სენატის პრეზიდენტთან. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რომელიც აქტუალურია საქართველო-საფრანგეთის ორმხრივ ურთიერთობებში. ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს უსაფრთხოების კუთხით. ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება.
მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა საპარლამენტო თანამშრომლობაზე, ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადადგას ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით“,- განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ინტერესი იყო რეგიონში და რეგიონს მიღმა არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ფრანგ დეპუტატებს აინტერესებდათ საქართველოს პრეზიდენტის ხედვა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.
„ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან იყო ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი და ყველა ეს პასუხი გამომდინარეობდა, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, საფრანგეთის როლიდან გამომდინარე ამ პროცესებში. აუცილებელია, საფრანგეთის როლი იყოს ძალიან აქტიური. ჩვენ გვჭირდება საფრანგეთი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის კუთხით, ატლანტიკური მისწრაფებების გაძლიერების კუთხით და იმ საფრთხეების გამკლავების თვალსაზრისით, რა საფრთხეებიც უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს გუშინ ეწვია. ვიზიტის პირველ დღეს ზურაბიშვილმა მამის ინიციატივით აშენებული ტაძარი მოინახულა და შვილებთან ერთად წირვას დაესწრო. ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ლევილში გაემგზავრა, სადაც მშობლების საფლავი ყვავილებით შეამკო და მამულში ლევილის შატო მოინახულა. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის პირველი დღე სტუდენტებთან და ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრით დაასრულა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი დღეს პარიზში ლიდერ ქალებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.