დავით ზალკალიანი - საქართველოს პოზიციაა, რომ დასავლელი პარტნიორების წინაშე წარვდგეთ ძალიან მკაფიო პოზიციით, რა მოლოდინები გვაქვს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან მიმართებაში
საქართველოს პოზიციაა, რომ დასავლელი პარტნიორების წინაშე წარვდგეთ ძალიან მკაფიო პოზიციით, რა მოლოდინები გვაქვს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანი მინისტერიალია, იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წლის შემდეგ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი არ ჩატარებულა და მისი განცხადებით, ეს კიდევ უფრო მეტ დატვირთვას აძლევს მას.
„ჩვენი პოზიციაა, რომ კოლეგების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე წარვდგეთ ძალიან მკაფიო პოზიციით, რა მოლოდინები გვაქვს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან მიმართებაში. დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში, საქართველოსთან მიმართებაში გაჟღერებული იყოს ძალიან მკაფიო პოზიცია ჩვენს ევროპულ მისწრაფებებთან და არჩევანთან დაკავშირებით. აღიარებული უნდა იყოს ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენი პოზიციაა, რომ ევროკავშირის პოზიციები, რეგიონის უსაფრთხოების კუთხით, მკაფიოდ იყოს დაფიქსირებული და ევროკავშირის როლი კონფლიქტების მოგვარების პროცესში გამოკვეთილი იყოს, მხარდაჭერილი იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე ის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, რაც არის განპირობებული დაკავშირებადობით, ამასთან, ჩვენი ფიზიკური ინტეგრაციითა და სექტორული კუთხით თანამშრომლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეიმ საქართველოში ვიზიტის დროს წარადგინა პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ინტეგრაციულ პროცესებთან და როგორც ზალკალიანმა განაცხადა, „ეს საფლაგმანო პროექტები მნიშვნელოვანია, ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში“.
„მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, მან წარმოადგინა პროექტები, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ინტეგრაციულ პროცესებთან და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეს საფლაგმანო პროექტები ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში. ესეც იქნება მნიშვნელოვანი ხელშესახები პროგრესი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ არის პრობლემები გარკვეულ ქვეყნებთან მიმართებაში, არიან ასოცირებული ქვეყნები და ასოცირებული ტრიო – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რომლებსაც აქვთ ხელშესახები პროგრესი. ამიტომ პრინციპი – მეტი მეტისთვის იყოს უზრუნველყოფილი ამ ქვეყნებთან მიმართებაში. მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან იქნება შემხვედრი ნაბიჯები და ეს ყველაფერი შემდგომში ასახული იქნება სამიტის დეკლარაციაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე ერთი თვით ადრე იმართება და მიზნად ისახავს დისკუსიის წარმოებას სამიტის მთავარი თემების ირგვლივ.