დავით ზალკალიანი - საქართველოს მთავარი სამოქმედო გეგმა არის სრულ თავსებადობაში იმ ახალ გამოწვევებთან და ახალ რეალობასთან, რომელიც რეგიონში შეიქმნა
დეოკუპაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც ასახულია, როგორც პარლამენტის მიერ სულ ცოტა ხნის წინ მიღებულ რეზოლუციაში, ასევე ის არის მთავრობის ძირითადი პროგრამის და ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის მთავარი შემადგენელი ნაწილი – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს ზალკალიანმა განუცხადა, საქართველოს მთავარი სამოქმედო გეგმა სრულ თავსებადობაშია იმ ახალ გამოწვევებთან და ახალ რეალობასთან, რომელიც რეგიონში შეიქმნა.
„ჩვენი პრობლემის-დეოკუპაციის საკითხს განვიხილავთ სწორედ ამ დიდ სურათში და ის არ უნდა იყოს იზოლირებულად განხილული, როგორც მხოლოდ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი. ჩვენი სამოქმედო გეგმა მოგვყავს თავსებადობაში ამ ახალ გამოწვევებთან. რა თქმა უნდა, ყველა ძირითადი ფორმატის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება კვლავინდებურად რჩება ჩვენი სამოქმედო გეგმის ძირითად შემადგენელ ნაწილად. ასევე, ბუნებრივია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც არის მთავარი ფორმატი, მაგრამ აუცილებლად გასაძლიერებელია მისი პოლიტიკური მდგენელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისად იმისთვის, რომ ყველა პარტნიორი და ყველა ის ძირითადი აქტორი, რომელიც არის ჟენევის პროცესში ჩართული, მათ დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა იყოს მთავარ პრიორიტეტებს შორის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელზეც გვექნება აქცენტი. პარტნიორების კონსოლიდაცია აუცილებელია იმისთვის, რომ იყოს მუდმივი ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან შეასრულოს ის საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც მას აქვს აღებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. ეს იქნება ჩვენი მთავარი მიმართულება 2021 წელს და ჩვენი დიპლომატიური სამსახური, ჩვენი დიპლომატიური მისიები, ყველა დელეგაცია, რომელიც არის ამ ფორმატებში ჩართული, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ საქართველოს თემატიკის აქტუალიზაცია მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – განაცხადა ზალკალიანმა.