დავით ზალკალიანი - საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, სპეცრეისებთან დაკავშირებით იყვნენ მუდმივ კავშირზე ჩვენს საელჩოებთან და საკონსულოებთან
დავით ზალკალიანი - საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, სპეცრეისებთან დაკავშირებით იყვნენ მუდმივ კავშირზე ჩვენს საელჩოებთან და საკონსულოებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, იყვნენ მუდმივ კავშირზე საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან, რადგან სხვადასხვა რეისზე ბილეთიანი მგზავრების გარკვეული ნაწილი აეროპორტში არ მიდის და თავისუფალი ადგილები რჩება.

„სპეცრეისების მიმართულებით უკვე გაცხადებული გრაფიკი არსებობს. ჩვენ გუშინ გვქონდა ათენიდან რეისი. საქართველოს 130-მდე მოქალაქე დაბრუნდა. მინდა, იცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იყო გაცხადებული და ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ არის ბილეთი, გუშინ 10 მოქალაქე, რომელსაც შეძენილი ჰქონდა ბილეთი, არ გამოცხადდა ამ რეისზე და ამის გამო ჩვენ მოგვიწია ძალიან სწრაფ რეჟიმში იმ მოქალაქეებით ჩანაცვლება, რომლებიც იდგნენ, ასე ვთქვათ, რიგში. მიუხედავად ამისა, სამი ადგილი მაინც ცარიელი დარჩა. ამიტომ მინდა, საზოგადოებასა და ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ იყვნენ მუდმივად ონლაინრეჟიმში, კავშირზე ჩვენს საელჩოებთან და საკონსულოებთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა სხვადასხვა ქვეყნიდან უახლოეს დღეებში დაგეგმილი რეისების შესახებაც ისაუბრა.

„10 აპრილს განხორციელდება თბილისი-ლარნაკას რეისი. 130 მოქალაქე დაბრუნდება. ასევე, 12 და 14 აპრილს შესაბამისად ბერლინიდან და ამსტერდამიდან განხორციელდება რეისი. მგზავრთა რაოდენობის შესახებ დამატებით გაცნობებთ, რადგანაც ბილეთების გაყიდვა ორი დღით ადრე დაიწყება. ასევე, პრემიერ-მინისტრის დავალებით სულ რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ კიდევ სამი დამატებითი რეისი დაინიშნა, მათ შორის, თელავივიდან განხორციელდება 18 აპრილს, ასევე რომიდან და ბარსელონიდან 24 და 27 აპრილს. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ვმუშაობთ, დამატებითი რეისების შესახებ და რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას ამ რეისების შესახებ“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.