დავით ზალკალიანი - საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების კუთხით ვმუშაობთ რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან მუშაობენ, რომ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმება მოხდეს.
მინისტრის განცხადებით, ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იქნება, რომ საქართველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ და საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ.
„ჩვენ არამხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ ე.წ ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით, ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით.
ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოქალაქეებს ვაიძულებთ, რომ დატოვონ ქვეყანა. პირიქით, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ნაწილია ის, რომ ამ შეთანხმებებში, რომელიც გაფორმდება ამ ქვეყნებთან, შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იყოს ის, რომ ეს არის არა სამუდამოდ წასვლა, არამედ იმ პირობით წასვლა, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, როგორც უკვე კვალიფიკაცია ამაღლებული ადამიანები და საკუთარ ქვეყანას მოახმარონ ის გამოცდილება, რომელსაც შეიძენენ ქვეყნის გარეთ. რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
კითხვაზე, როგორ როგორ გაკონტროლდება, რომ მოქალაქეები დაბრუნდნენ სამშობლოში და თუ პირობას დაარღვევენ, რა იქნება სანქციები, ზალკალიანი პასუხობს:
„ეს ყველა ქვეყანასთან კონკრეტული შეთანხმებით განისაზღვრება. გამიჭირდება, რომ თითოეული შეთანხმება ცალ-ცალკე გითხრათ, რა არის ჩადებული. მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველაფერია გათვალისწინებული, რომ მათი უფლებებიც იყოს დაცული და ასევე ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესები გათვალისწინებული“,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.