დავით ზალკალიანი - საქართველომ საზღვარგარეთ მყოფ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით ადრე დაიწყო
საქართველომ მაშინ დაიწყო საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა, როდესაც სხვა ქვეყნები ამ პროცესით ჯერ კიდევ არ იყვნენ დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„ეს პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ეს ჩვენზე ბევრად ძლიერმა სისტემურმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს და მეამაყება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, რადგან საზღვრებს გარეთ ჯერ კიდევ იმყოფება ჩვენი ათეულ ათასობით მოქალაქე, მაგრამ ჩვენ ამ პროცესს ეტაპობრივად მივუყვებით და მათი დაბრუნება მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების დაბრუნების პროცესში საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვნად ხელშესახები შედეგი აქვს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო კოორდინაციით და პრემიერ-მინისტრის დავალებით უკვე თვეზე მეტია, აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროცესზე. ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად ხელშესახები შედეგი გვაქვს. უკვე მოვახერხეთ 4 000-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნება, რაც შექმნილ არაორდინალურ სიტუაციაში, როდესაც მთელი რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცე დახურულია და დიდი ავიაკომპანიები არ დაფრინავენ, დამერწმუნებით, ადვილი არ არის. ჩვენ გვიწევს ამ ურთულეს სიტუაციაში გადაწყვეტილებების ძალიან სრაფად მიღება და ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება“, – განაცხადა ზალკალიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა უახლოეს პერიოდში რეისების დაგეგმვა აშშ-დან, იტალიიდან და ესპანეთიდან, სადაც ეპიდემიის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ გასაგები მიზეზების გამო, ამ ქვეყნებიდან პირდაპირი საჰაერო ფრენების განხორციელება გართულებულია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ხდება ამსტერდამის აეროპორტიდან, რომელიც აშშ-დან და სამეზობლო ქვეყნებიდან განხორციელებული ფრენებისთვის ღიაა.
„როდესაც ამსტერდამზე ვსაუბრობთ, საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ჩვენ მხოლოდ ჰოლანდიაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ვაბრუნებთ. ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება ჰოლანდიის სამეზობლო ქვეყნებიდან, აშშ-დან და კანადიდან სწორედ ამსტერდამის რეისით განხორციელდეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ხელისუფლება მგზავრთა რაოდენობაში შეზღუდულია და ცალკეულ რეისებზე 100-დან 120 ადამიანამდე განთავსება ხდება, რადგან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან განსაზღვრულია, რომ მგზავრების ჭადრაკისებური განთავსება მოხდეს და მგზავრები მჭიდროდ არ განთავსდნენ, რათა მათ შორის ინფექციის გადადება არ მოხდეს.
„ჩვენმა მოქალაქეებმა შექმნილი გარემოება უნდა გაითავისონ და გაითვალისწინონ. რა თქმა უნდა, მესმის მათი წუხილი, რომ ყველა მათგანი ვერ ხვდება რეისებში და ვერ ახერხებს ბილეთების სწრაფად შეძენას, მაგრამ ჩვენ რეგისტრირებული გვყავს განსაკუთრებული საჭიროების მოქალაქეები. იქ არიან მცირეწლოვანი ბავშვები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები, რაც კორონავირუსთან არ არის დაკავშირებული. ამას აუცილებლად ვითვალისწინებთ და უპირატესობა, რა თქმა უნდა, ასეთი კატეგორიის მოქალაქეებს აქვთ. ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავშესაფრის და ფაქტიურად, ლუკმა-პურის გარეშე არიან დარჩენილი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.