დავით ზალკალიანი - ესკალაციის დაწყებისთანავე საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით, სამხედრო ტვირთების გატარებაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები გადადგა.
როგორც დავით ზალკალიანმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია უაღრესად რთული ვითარება.
„საომარი მოქმედებების გამო, ვერ ხერხდება დიალოგის განახლება, ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. კიდევ ერთხელ, კვლავ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები და დეესკალაციის მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.
ჩვენ ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და მომავალშიც ვიმოქმედებთ კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე. საქართველო ყოველთვის იყო და არის ერთგული ჩვენი ვალდებულებების, როგორც ჩვენი მეზობლების, ასევე საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების მიმართ. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე გადადგა მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები.
ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ის, რომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშუტებით, სამხედრო ტვირთების გატარებაზე, ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ, მუდმივად ვართ მათთან კონტაქტზე და ყველა ქმედების შესახებ, რაც არის მიღებული საქართველოს ხელისუფლების მიერ, ისინი იყვნენ ინფორმირებული.
რაც შეეხება ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს, ქართული მხარე სრულიად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და მომავალში ვიქნებით სრულიად ერთგული ამ საერთაშორისო ვალდებულებების“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დღეს აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების საბჭომ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ესკალაციის დაწყებისთანავე, საქართველოს მთავრობამ დროებით შეაჩერა სამხედრო ტვირთების გატარება სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ.