დავით ზალკალიანი - საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობები ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დინამიზმით და ინტენსივობით გამოირჩევა
საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობები ბოლო პერიოდში გამოირჩევა განსაკუთრებული დინამიზმით და ინტენსივობით, ეს არის ის შეფასება, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან ორმხრივი შეხვედრის დროს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო.
„ბოლო პერიოდის უმაღლესი შეხვედრები საქართველოს და უკრაინის თანამდებობის პირებს შორის არის სწორედ ამის დასტური და დღევანდელო ვიზიტიც ემსახურება ამ ურთიერთობების თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანას. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის, რომლის ფარგლებშიც იყო განხილული ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება, ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკური თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რომელიც ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკური კავშირები, ხალხთა შორის ურთიერთობა, კულტურული თანამშრომლობა“, – განაცხადა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინისა და საქართველოს უმაღლესი პირების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნების წინაშე მსგარ გამოწვევებს.
„ასევე, ვისაუბრეთ საერთო გამოწვევებზე, რომელიც ორი ქვეყნის წინაშე დღეს არსებობს, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან და რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული ერთობლივად, კოორდინირებულად იმისთვის, რომ ჩვენი საკითხების აქტუალიზაცია მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობაზე. მოგეხსნებათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ დაფუძნდა ასოცირებული პარტნიორის სამეულის ფორმატი და ბათუმი გახლდათ პირველი ადგილი, სადაც ჩვენ ვუმანსპინძლეთ ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ პარტნიორებს. ჩვენი თანამშრომლობა უკვე პრაქტიკულ განზომილებას იძენს და ვფიქრობთ, რომ დღევანდელი საუბრებიც სწორედ ამ თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი შემდგომი ნაბიჯების გადადგმის კუთხით. ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ფორმატი გამოვიყენოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კიდევ უფრო მეტი დიალოგისთვის, ახალი იდეების წარმოჩენის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენი მოქალაქეები იხილავენ პრაქტიკულ, კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.