დავით ზალკალიანი - საქართველო ნატო-ს სამიტის ფარგლებში, უმაღლეს დონეზე დაგეგმილ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში პირველად, საქართველო ნატო-ს სამიტის ფარგლებში, უმაღლეს დონეზე დაგეგმილ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ნატო-ს ბრიუსელის სამიტის ფარგლებში, ოთხი უმაღლესი დონის შეხვედრიდან საქართველო ორ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომლებზეც განხილვის მთავარი თემა უსაფრთხოების სფეროში და თავდაცვის რეფორმების მიმართულებით თანამშრომლობა იქნება.
ზალკალიანის შეფასებით, დაგეგმილი შეხვედრები მიანიშნებს, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად, ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში წინა პოზიციებზეა.
„ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოლოდინი გახლდათ, რომ საქართველო შესაბამის ფორმატებში უმაღლეს დონეზე ყოფილიყო წარმოდგენილი. ამ მიმართულებით ნატო-ში პარტნიორებთან ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ, რომ შედეგი დამდგარიყო. გადაწყდა, საქართველომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში უმაღლეს დონეზე დაგეგმილ შეხვედრებში უკრაინასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შეხვედრის ძირითადი თემა უსაფრთხოების სფეროში და თავდაცვის რეფორმების მიმართულებით თანამშრომლობა იქნება. საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში პირველადაა, როდესაც უმაღლესი დონის შეხვედრა სამიტის ფარგლებში იმართება. ეს ნატო-ს სტრატეგიის გამოვლინებაა, რომ საქართველო ალიანსის მხრიდან სწორედ რეგიონალურ კონტექსტში უსაფრთხოების კუთხით ყოფილიყო აღქმული. ასევე, ხაზგასმა იმისა, რომ უსაფრთხოების რეგიონალური მიმართულებით თანამშრომლობა ნატო-ს სტრატეგიული მიმართულების ერთ-ერთი ქვაკუთხედია“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე შეფასებით, აღნიშნული საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებში წინგადადგმული ნაბიჯია.
ზალკალიანის თქმით, უმაღლესი დონის შეხვედრებზე საქართველო ოკუპირებულ რეგიონებზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზეც ისაუბრებს.
„ჩვენ ამ ფორმატის ფარგლებში საშუალება გვექნება ნატო-საქართველოს შორის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით ყველა ძირითად მიმართულებაზე ვისაუბროთ. ასევე, შესაძლებლობა გვექნება შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაძლიერების საკითხები განვიხილოთ, რადგანაც შავი ზღვა მნიშვნელოვანი რეგიონია, რომელზეც ნატო ფოკუსირებულია. საქართველოს შეაქვს და მომავალშიც შეუძლია ამ რეგიონების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეინატოს. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ფორმატს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე და იმ ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე სასაუბროდ გამოვიყენებთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი შეფასებით, აღნიშნული უაღრესად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობას რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში უფრო აძლიერებს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უმაღლესი დონის შეხვედრებზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წარმოადგენს.
„საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. დელეგაციაში ასევე წარმოდგენილი იქნებიან თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები და უშიშროების საბჭოს მდივანი. პირველად ხდება საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრა იმართება და ეს ჩვენთვის სპეციალური ფორმატია“, – აცხადებს დავით ზალკალიანი
ბრიუსელში ნატოს-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.