დავით ზალკალიანი - საქართველო მხარს უჭერს ყირიმთან მიმართებით დაწესებულ სანქციებს
საქართველო მხარს უჭერს ყირიმთან მიმართებით დაწესებულ სანქციებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ.
„ყირიმის სანქციებთან მიმართებაში ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინის და იცით თქვენ, რომ საქართველო მხარს უჭერს ამ სანქციებს, რომელიც ყირიმთან მიმართებაშია დაწესებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე გვაქვს ერთობლივი ტაქტიკური მონახაზებიც, გეგმაც, როგორ უნდა ვიმოქმედოთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
მოგეხსენებათ, მაგალითს მოგიყვანთ, საქართველოსთან მიმართებაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც იყო ძალიან მკაფიო. ასეთი მძლავრი და მკაფიო დეფინიციები და შეფასებები არც ერთ წინამდებარე დოკუმენტში არ ყოფილა. ამ მიმართულებით, ჩვენი რეზოლუციების ურთიერთმხარდაჭერა გაგრძელდება ყველა ფორმატში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით თანამშრომლობა იქნება ისევე, როგორც ყირიმის პლატფორმაზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანი.