დავით ზალკალიანი - საქართველო გააგრძელებს გონივრულ, გააზრებულ პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით
მნიშვნელოვანია, დინამიურად ცვალებად მსოფლიოში და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველომ რეფორმების კუთხით თანმიმდევრული სვლა განაგრძოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი ვაკის რაიონში, N16 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ევროპულ არჩევანსა და დემოკრატიულ განვითარებას მისცა ხმა.
„დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების შემდეგაც საქართველო გააგრძელებს გონივრულ, გააზრებულ პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიდა განვითარების თვალსაზრისით, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ზალკალიანის შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა, სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ამისთვის კი, მინისტრის თქმით, საჭიროა კონსოლიდაცია და საზოგადოების გაერთიანება.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.