დავით ზალკალიანი - საქართველო და ისრაელი ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ, რასაც ხელს უწყობს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა
საქართველო და ისრაელი ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ, რასაც ხელს უწყობს ის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისრაელის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
„ვულოცავ ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 71-ე წლისთავს და ებრაელ ხალხს ამ უაღრესად მნიშვნელოვან დღესასწაულს. მართლაც, სამაგალითოა ის ურთიერთობები, რომელიც არსებობს საქართველოსა და ისრაელს შორის. არ არსებობს არც ერთი პრობლემური საკითხი ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან ნაყოფიერად, როგორც მრავალმხრივ ფორმატებში, ისე ორმხრივ ურთიერთობებში, რასაც მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობს ის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც არსებობს ქართველ და ებრაელ ხალხს შორის“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის თვისობრივად მაღალ საფეხურზე გადავა, რისი პოტენიციალიც არსებობს. მისივე თქმით, წელს ორი ქვეყანა არაერთ ორმხრივ ღონისძიებას გეგმავს სამთავრობო და ხალხთაშორის ფორმატში.