დავით ზალკალიანი - საქართველო აუცილებლად უზრუნველყოფს ევროპის საბჭოს მინისტერიალის სათანადო დონეზე ჩატარებას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რო მიუნხენში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრა არ იგეგმება.
როგორც დავით ზალკალიანმა მიუნხენში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო აუცილებლად უზრუნველყოფს ევროპის საბჭოს მინისტერიალის სათანადო დონეზე ჩატარებას.
„არანირი შეხვედრა არ იგეგმება რუსეთის დელეგაციასთან. რაც შეეხება მაისის მინისტერიალს, ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ საქართველო როგორც თავმჯდომარე ქვეყანა იმოქმედებს ამ ორგანიზაციის წესდებისა და პროცედურების შესაბამისად, რათა უზრუნველყოს მინისტერიალის შესაბამის დონეზე ჩატარება. ჩვენთვის მთავარია სახელმწიფო ინტერესები, ჩვენი სახელმწიფო ინტერესები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ვინ ჩამოვა, როგორ ჩამოვა, ამაზე ჯერ ძალიან ნაადრევია საუბარი. ჩვენ ვაგრძელებთ ევროპის საბჭოს სამდივნოსთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში ურთიერთობას. მერწმუნეთ, ყველაფერი ჩატარდება ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებს. პირობას გაძლევთ, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ღირსეული თავმჯდომარეობა გაწიოს და ჩავატაროთ ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს თავმჯდომარეობას“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.