დავით ზალკალიანი - საინტერესო იყო აქცენტები, რომელიც პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკაზე გააკეთა
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო აქცენტები, რომელიც პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკაზე გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა.
როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, პრეზიდენტის მხრიდან ძალიან ზუსტი და მკაფიო გზავნილები იყო ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს პოლიტიკასთან რუსეთთან მიმართებაში.
„აქცენტები დეოკუპაციასთან დაკავშირებითაც გამახვილდა. ვიზიტები, რომლებიც განხორციელდა, ძალიან ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველოს კურსი შეუქცევადი და ურყევია. რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციაზეა მიმართული. რამდენიმე ვიზიტში პრეზიდენტთან ერთად გახლდით და მინდა ვთქვა, რომ ძალიან შედეგიანი ვიზიტები იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების როლი, ჩართულობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში. პრეზიდენტმა დღეს იმ გზავნილებზე ისაუბრა, რომლებიც ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან მოვისმინეთ. პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს, პრეზიდენტის ხედვებთან სრულ თანხვედრაშია, რაც ჩვენ ძალიან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში პირველი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.