საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დეოკუპაცია და ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის გამყარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
მისივე თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა მსოფლიოში არსებულ რთულ გარემოში, საქართველოს საკითხი მუდმივად იყოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში.
„მთლიაანდ ჩვენი დიპლომატიური სამსახური 24-საათიან რეჟიმში არის ფოკუსირებული, რომ ამ რთულ გარემოში, რომელიც მსოფლიოშია შექმნილი, გამოწვევებით დახუნძლულ სამყაროში საქართველოს საკითხი მუდმივად იყოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში. მერმწუნეთ, რომ ეს მარტივი გასაკეთებლი არ არის. მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით საერთაშორისო თანამეგობრობა მყისიერად რეაგირებს მაშინ, როდესაც არის ცხელი კონფლიქტი, როდესაც მიდის შეიარაღებული დაპირიპირება, არის უაღრესად დაძაბაული სიტუაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავსი სიტუაცია არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია უაღრესად დაძაბულია. ჩვენ გვაქვს სხვა გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული იგივე უკანონო ბორდერიზაციასთან, მავთულხლართების აგებასთან, ადამიანების გატაცებასთან, ეთნიკურ ნიადაგზე ადამიანების დასჯასთან, უმძიმეს ჰუმანიტარულ სიტუაციასთან, რომელიც შეიქმნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ სიტუაციაში ჩვენი საკითხების მუდმივი აქტუალიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ჩვენმა დიპლომატიურმა სამსახურმა საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი დასახულ მიზანს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანის განმარტებით, რუსეთის ფედერაციას, რომელიც არის ოკუპანტი ძალა, გაასმაგებული აქვს მცდელობები, რათა საქართველოს საკითხი მთლიანად გაქრეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან.
„მე რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. ისინი აქტიურად ცდილობენ ნარატივის დამკვიდრებას, რომ სიტუაცია საქართველოში არის განსხვავებული, ვიდრე უკრანიაში. აქედან გამომდინარე, მათი ნარატივია, რომ საქართველო უნდა შეეგუოს იმ ე.წ. ახალ რეალობას და დაიწყოს საუბარი იმ ვალდებულებებზე, რაც რუსეთს ეკისრება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, ამის გადატანა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობაში.
ესაა ნარატივი, რომელსაც ცდილობენ და საერთაშორისო თანამეგობრობას ეუბნებიან – უთხარით საქართველოს, დაივიწყოს ამ უსაფრთხოების საკითხის მუდმივი წინ წამოწევა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და შეეგუოს ამ ახალ რეალობას, რომ არის ორი „დამოუკიდებელი სახელმწიფო“ – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
ამ სირთულეებთან გვაქვს საქმე. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მათი მხარდაჭერის მობილიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე ეფექტიანი ბერკეტი, რაც ხელთ გვაქვს და სწორედ ჩვენი საქმიანობა უნდა შეფასდეს იმ შედეგებიდან გამომდინარე, რა შედეგებიც დაიდო წელს ამ მიმართულებით. მხოლოდ გაერო-ს ფორმატებში, მხედველობაში მაქვს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატი, გაერო-ს გენერალური ასამბლეა, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო, მიმდინარე წელს მიღებული იქნა 50-ზე მეტი განცხადება. მათ შორის არის ის მნიშვნელოვანი რეზოლუციები, რომელიც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ყველა მთავარი მიმართულება. რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით მაქსიმალურად იყო მობილიზებული ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, რათა გაკეთებულიყო ძალიან მკაფიო, დამგმობი განცხადებები სხვადასხვა მაღალი დონის ტრიბუნიდან. ამას იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მხოლოდ და მხოლოდ გამოხატონ შეშფოთება ან წუხილი, ჩვენი საერთაშორისო საზოგადოება ამ განცხადებებს მხოლოდ განცხადებების გამო არ აკეთებს, ეს არის რუსეთის ფედერაციისთვის მუდმივად შეხსენება, რომ ის არ ასრულებს საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს. ის არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ის არ იღებს ძალის არგამოყენების ვალდებულებას, მან არაკანონიერად, საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევით აღიარა ოკუპირებული ტერიტორიები და არის მოწოდება, რომ უკან წაიღოს აღიარება. ის არ უშვებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში იძულებით გადაადგილებულ პირებს.
ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, როცა მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტი არის იძულებით გადაადგილებული და გვიწევს არა მხოლოდ მათი პოლიტიკური უფლებების დაცვა, არამედ მთავრობას, ხელისუფლებას, ქვეყანას უხდება მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაც. უმძიმესი ტვირთია. ამიტომ ეს ძალიან კარგად მიგვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ხდება ამაზე მუდმივი აპელირება და ყველა საერთაშორისო ფორმატებში ხაზგასმა. ვფიქრობ, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვაქვს“, – აღნიშნა ზალკალიანმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
გარდა ამისა, დავით ზალკალიანის თქმით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ახალი ტაქტიკური მიდგომით წინა პლანზე წამოწიოს აფხაზეთისა და ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.
„რას ვხედავთ დღეს, რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ახალი ტაქტიკური მიდგომით წინა პლანზე წამოწიოს აფხაზეთის და ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და გვეუბნება – მათ ესაუბრეთ ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე, მათთან გააფორმეთ ძალის არგამოყენების ვალდებულება. ეს არის ერთგვარი ხრიკი, ნარატივი, რომელსაც ცდილობენ, დაამკვიდრონ. რა თქმა უნდა, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგის წინააღმდეგები არ ვართ. ის ჩართულობის პოლიტიკა, იგივე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა წარმოდგენილი, ზუსტად ეხმიანება იმას, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის იმ სიკეთეების გაზიარება, რა სიკეთეებიც მოდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით, რა სიკეთეებიც მოაქვს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას, თავისუფალ გადაადგილებას, უვიზო მიმოსვლას, რა სიკეთეც მოაქვს ევროპის და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლების მიღებას. ამას ვთავაზობთ მათ, ეს არის ის, რაც შესაძლებლობებს აჩენს, სწორედ ამაზე გვინდა საუბარი.
რაც შეეხება ძალის არგამოყენების ვალდებულებას, ეს რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებაა და კეთილი უნდა ინებოს რუსეთმა, რაც აქვს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულება, ის უნდა შეასრულოს, ისევე როგორც ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას. რას ვხედავთ ამ მიმართულებით? მუდმივ შანტაჟს, ჟენევის ყველა რაუნდზე მოლაპარაკების მაგიდიდან ადგომას და ამ თემით სპეკულირებას, ჟენევის პროცესის მთლიანად შანტაჟში მოქცევას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.