დავით ზალკალიანი რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების ექვსი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი განცხადებას ავრცელებს. განცხადება რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების ექვსი წლისთავს ეძღვნება.
დავით ზალკალიანი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნავს, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად აუცილებელია მინსკის შეთანხმებების შესრულება. ამასთან, ქართველი დიპლომატი ევროსაბჭოს სახელით შეშფოთებას გამოთქვამს ანექსირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო.
„მიმდინარე წელს ექვსი წელი სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიიდან და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან. როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მსურს, დავადასტურო ჩემი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩემი ფიქრები არის კონფლიქტის მსხვერპლთა ოჯახებთან და ყველასთან, ვინც კონფლიქტის შედეგად არის დაზარალებული. ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს და ამ მხრივ მნიშვნელოვანია მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულება და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. უკვე გადაიდგა გარკვეული დამაიმედებელი ნაბიჯები, როგორებიც არის ნორმანდიული სამიტის ფარგლებში ახალი დინამიკა და ტყვეების გაცვლა გასულ წელს. ევროსაბჭო კვლავ შეშფოთებულია ყირიმში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობებით, კერძოდ, უმცირესობებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია დავით ზალკალიანის განცხადებაში, რომელიც ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.