დავით ზალკალიანი - რუსეთი კვლავ აგრძელებს არალეგალურ ბორდერიზაციას, მეტიც, ეთნიკური ქართველების დაკავება ყოველდღიურობის ნაწილია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 18-20 ივნისს მიმდინარე „ანტალიის დიპლომატიური ფორუმის“ ფარგლებში პანელურ თემაზე სახელწოდებით: „სამხრეთ კავკასია – რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები“ სიტყვით გამოვიდა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველომ მიიღო ზიანი 90-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელს რუსეთთან მომხდარი ომის გამო.
„ძალიან მნიშვნელოვანი და დროული დისკუსიაა, რათა შევძლო ჩვენი ხედვის გაზიარება ამჟამად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ფაქტზე, რომ ამ დინამიურად ცვლად გარემოში უნდა ადავპტირდეთ და ვიმოქმედოთ გადამწყვეტად, რათა საგარეო უსაფრთხოების გამოწვევებს გავუმკლავდეთ. თქვენ აბსოლუტურად მართლები ხართ, რომ საქართველომ მიიღო ზიანი 90-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელს რუსეთთან მომხდარი ომის გამო. სამწუხაროდ, ოკუპაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, საქართველო რუსეთის მიმართ კონსტრუქციულ მიდგომებსა და პოზიტიურ გზავნილებს იყენებს და მზად არის დეესკალაციისთვის.
„დავაარსეთ ჟენევის საერთაშორისო დიალოგი, რათა დაგვეწყო საუბარი იმ საკითხებზე, სადაც შეგვიძლია რუსეთთან კონსენსუსის მიღწევა, მათ შორის ჰუმანიტარულ, ვაჭრობის და ადამიანებს შორის კონტაქტების თემებზე. სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ აგრძელებს არალეგალურ ბორდერიზაციას და უფრო მეტიც, ყოველდღიურობის ნაწილია ეთნიკური ქართველების დაკავება. ბოლოს ეთნიკურად ქართველი გახელაძე უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის რეგიონის საპყრობილეში გადაიყვანეს. ეს მეტყველებს, როგორ პასუხობს რუსეთი საქართველოს მხრიდან გაკეთებულ პოზიტიურ სიგნალებს. ამის მიუხედავად, მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროკავშირთან და თურქეთთან ერთად ვმსჯელობთ, რომ აქტიურად ვიყოთ ჩართულები ამ უნიკალურ რეგიონში, რომელსაც განვითარების უამრავი შესაძლებლობა აქვს, მათ შორის გეოპოლიტიკურად და გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის კუთხით. უნდა ვეძებოთ რეგიონული თანამშრომლობა და მჯერა, ეს ჩვენი მეზობლებისთვისაც პრიორიტეტია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი, ისევე როგორც თურქეთი, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
„სომხეთთან ისტორიულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. რეგიონული თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობები არსებობს. არის საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის პრაქტიკული მაგალითები. ვიღებთ მონაწილეობას ისეთ პროექტებში, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი, ბაქო-თბილისი-ყარსი, სამხრეთ გაზის კორიდორი და სხვები. ეს პროექტები თანამშრომლობის პრაქტიკული მაგალითებია. ამ შეტყობინებას რეგიონის სხვა ქვეყნებს, ჩვენს სომეხ კოლეგებს ვუგზავნით. მზად ვართ, აზერბაიჯანთან და სომხეთთან სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობისთვის, ეკონომიკის მიმართულებით კონკრეტული პროექტების და იდეების მიმართულებით, სატრანსპორტო კავშირების არსებობისთვის, რათა გამოვიყენოთ კასპიისა და შავი ზღვის დაკავშირების პოტენციალი. ეს პროექტები მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული, სავაჭრო და ბიზნეს ასპექტებისთვის, კულტურული გაცვლებისთვის და ეს ასევე არის შესაძლებლობა, დიდი მოთამაშეებისთვის, აშშ-სთვის, ევროკავშირისთვის, თურქეთისთვის, რომ ამ პროექტში ჩაერთონ და განავითარონ, რადგან ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტების გარეშე რეგიონში სტაბილურობა არ იქნება. სტაბილურობის გარეშე კი განვითარება და კეთილდღეობა არ იქნება. გვესმის, რომ რესურსები შეზღუდული გვაქვს და ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. ამის ერთ-ერთი მაგალითი ამერიკელ პარტნიორებთან ერთად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირდაპირი ჩართულობით განხორციელებული ფასილიტაციაა, რა დროსაც სომეხი ტყვეების სანაცვლოდ აგდამის რაიონში მდებარე ნაღმების შესახებ რუკა გაიცვალა. ეს იმის დემონსტრაციაა, რომ ერთად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ეს შეთანხმება კარგი დასაწყისია. ამ პროცესს განვითარების პოტენციალი აქვს ვადამდელი არჩევნების შემდეგ, სომხეთიც იმედია, იქნება იმ პოზიციაში, რომ გააგრძელოს სამმხრივი დისკუსია და აშშ-ის, ევროკავშირისა და თურქეთის ჩართულობით რეგიონულ თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.