დავით ზალკალიანი - რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის მილიტარიზაციას, ახალი ტიპის „ბერლინის კედლის“, მრავალკილომეტრიანი მავთულხლართების ღობის აღმართვას ჩემი ქვეყნის შუაგულში
დავით ზალკალიანი - რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის მილიტარიზაციას, ახალი ტიპის „ბერლინის კედლის“, მრავალკილომეტრიანი მავთულხლართების ღობის აღმართვას ჩემი ქვეყნის შუაგულში

ეუთო რჩება უნიკალურ პლატფორმად დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტერიალები წარმოადგენს შესაძლებლობას, დავადასტუროთ საერთო პრინციპები ჰელსინკის ფინალური აქტისა და პარიზის ქარტიის ფარგლებში და გავაძლიეროთ ისინი ჩვენი გადაწყვეტილებებით. სამწუხაროა, რომ კონსენსუსის მიღწევა საკვანძო დოკუმენტებზე სულ უფრო რთული ხდება. სამწუხაროდ, ყოველ წელს ჩვენ ვხედავთ იმ პრინციპების უხეშ დარღვევას, რომლებზეც დაფუძნებულია ჩვენი ორგანიზაცია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საგანგაშოა, რომ ეუთო-ს წევრი რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიულ და დესტრუქციულ ქმედებებს სხვა წევრი სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ, არღვევს სახელმწიფოების საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს, ცდილობს ძალის გამოყენებით შეცვალოს საზღვრები ევროპაში.

„ჩვენ ვგმობთ მზარდ, მტრულ რიტორიკასა და გააქტიურებულ სამხედრო ქმედებებს უკრაინის საზღვართან და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ეს დაუყონებლივ. ნება მიბოძეთ, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ურყევი მხარდაჭერა გამოვუცხადო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ძვირფასო კოლეგებო, მრავალი საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას და უარს აცხადებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას. იმის მიუხედავად, რომ შეასრულოს ეს ვალდებულება, რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მილიტარიზაციას, ატარებს რეგულარულ უკანონო სამხედრო წვრთნებს და განაგრძობს ახალი ტიპის „ბერლინის კედლის“, მრავალკილომეტრიანი მავთულხლართების ღობის აღმართვას ჩემი ქვეყნის შუაგულში. საქართველო რუსეთის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო ჰიბრიდული ომის დღის წესრიგისა, რომლის მიზანია, ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრა. ამ ქმედებებით რუსეთს სამიზნეში ჰყავს ამოღებული არა მხოლოდ ინდივიდუალური ქვეყნები, არამედ ევროპის უსაფრთხოების მთელი არქიტექტურა. კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ ნაბიჯები გრძელდება.

ცხინვალსა და აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა და სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის 20 საარჩევნო უბნის გახსნა ორივე ოკუპირებულ რეგიონში არის ამის ბოლო მაგალითები. სამწუხაროდ, 13 წელზე მეტია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მოლაპარაკებების ფორმატებისადმი რუსეთის დესტრუქციული დამოკიდებულების თვითმხილველები ვართ. ის ახდენს წმინდა ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებას და პროცესი ჩიხში შეჰყავს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებები და თავისუფლებები სასტიკად ილახება. ახლა, როდესაც აქ ვსაუბრობთ, საქართველოს მოქალაქე – ირაკლი ბაბუა, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ სამედიცინო დახმარებას, რჩება სოხუმის ციხეში უკანონო პატიმრობაში. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – გენადი ბესტაევი საქართველოს მთავრობას გადასცეს მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკული გაუარესების შემდეგ. გადამწყვეტი ნაბიჯების გარეშე არსებობს საშიშროება, რომ ანალოგიური ბედი კიდევ ბევრმა ადამიანმა გაიზიაროს და მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ქართველი დევნილების სასტიკი მკვლელობის რამდენიმე შემთხვევის შესახებ, დანაშაულის ჩამდენი პირები ჯერ კიდევ არ არიან გასამართლებული. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია და მისდამი საერთაშორისო მხარდაჭერა ხელს უწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.