დავით ზალკალიანი - როს უილსონის რანგის დიპლომატის გამოგზავნა, მიანიშნებს, რომ აშშ-სთვის საქართველოსთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
საქართველოში ისეთი რანგის დიპლომატის გამოგზავნა, როგორიც როს უილსონია, მიანიშნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი შეფასებით, უილსონთან შეხვედრა საინტერესო და შინაარსიანი იყო.
„შეხვედრაზე შევეხეთ ყველა თემას: თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე შესაძლებლობებს ეკონომიკური მიმართულებით, მათ შორის, ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებზე. ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია და ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომელსაც ძალიან მწვავე რეაგირება მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მოგეხსენებათ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთდა მძაფრი შეფასება. გვაქვს რწმენა, ეს შეფასებები მომავალშიც გაგრძელდება ყველა საერთაშორისო ფორმატში და ამერიკელ პარტნიორებთან ვითანამშრომლებთ, როგორც საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე რეგიონულ საკითხებზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
„აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით მომავალში კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი ურთიერთობები გვექნება“, -განაცხადა დავით ზალკანიანმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობას დროებით როს უილსონი შეასრულებს. ელჩი როს უილსონი საქართველოში ამერიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულის სტატუსით საქმიანობას დღეიდან შეუდგა და პირველი გაცნობითი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართა.