დავით ზალკალიანი - რეგიონში არსებული კონფლიქტები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, საერთაშორისო სტაბილურობას და აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას
დავით ზალკალიანი - რეგიონში არსებული კონფლიქტები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, საერთაშორისო სტაბილურობას და აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით,  საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მერვე შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.

„უდავოა, რომ არსებული კონფლიქტები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, საერთაშორისო სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ასევე, აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას“, -აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანის თქმით, დაფიქსირდა, რომ აღნიშნული კონფლიქტები და დავები უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების გათვალისწინებით.

„შეჯამების სახით, კმაყოფილებით მინდა, აღვნიშნო, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მზადყოფნა კავშირების გაღრმავებაზე, რაც არსებული ურთიერთობების გამორჩეულად მზარდი დინამიური ხასიათის გამოძახილია“, –  აღნიშნა დავით ზალკალიანმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, სადაც საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მერვე შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განცხადებები გააკეთეს.