დავით ზალკალიანი - ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ამერიკელ პარტნიორებთან ვსაუბრობთ, დასამალი არაფერია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა საჯარო განცხადებებში, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნაში ასახული ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობა მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც ზალკალიანი ამბობს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, დემოკრატიასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან მუდმივად საუბრობენ და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა საჯარო განცხადებებში, პოზიციებში, რომ იმ ხარვეზებთან დაკავშირებით, რომლებზეც მიუთითებს ეუთო/ოდირის დასკვნა, მუშაობა მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ყველა შესაბამისი სტრუქტურა ფოკუსირებულია ხარვეზების გამოსწორებაზე. ეს არის ცალსახად გაცხადებული პოზიცია.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, დემოკრატიასთან დაკავშირებით გვაქვს და მუდმივად გვექნება ჩვენს ამერიკელ პარტნიორთან საუბარი. არაფერი არ არის ნამდვილად დასამალი, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. მაგრამ მათი პოზიცია, ცალსახად, მკაფიოდ არის დადასტურებული. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ბუნებრივია, იგივე დემოკრატიზაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ოთხი ძირითადი მიმართულება ჩამოვთვალე: თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული ინსიტუტების გაძლიერება, ხალხთა შორის ურთიერთობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ეს არის ის ძირითადი მიმართულება, რომელზეც ვისაუბრებთ. როგორ შეიძლება, არ ვისაუბროთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.