დავით ზალკალიანი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო საქართველოს ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნება
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო საქართველოს ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის საგარეო პოლიტიკის მიმართულების წარდგენისას განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს ხელისუფლებაში მოსვლისას დახვდა ქვეყანა, რომლის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა იყო შელახული, ტერიტორიების 20% იყო ოკუპირებული და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვითარების დეესკალაციისა და ოკუპაციის ხაზს მიღმა მცხოვრები თანამემამულეების შერიგების მიმართულებით.
„ჩვენ დღეს, როგორც არასდროს, ისე ვართ წარმოდგენილი ყველა უმაღლესი დონის ფორმატში, ჩვენ ამას მივაღწიეთ თანმიმდევრული ნაბიჯებით და სწორი საგარეო პოლიტიკით. დღეს მაქსიმალურად არის გამოყენებული ყველა საერთაშორისო ფორმატი საქართველოს საკითხის განსახილველად“, – განაცხადა მინისტრმა.
დავით ზალკალიანმა ისაუბრა იმ ახალ მექანიზმებზე, რაც სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მუშაობის შედეგად დამკვიდრდა. მათ შორის პირველად იქნა გამოყენებული ევროპის საბჭოს ფორმატი და 2014 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებებს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში.
„ასევე, მაქსიმალურად გამოიყენება გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატი, მაშინ როდესაც 2008-2012 წლებში არც ერთხელ აღნიშნული ტრიბუნა არ იქნა გამოყენებული საქართველოს ოკუპაციის განსახილველად. მხოლოდ წელს პარტნიორების დახმარებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე სამჯერ იყო ინიცირებული დებატები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც რუსეთის ფედერაცია ყველანაირად ცდილობს დაბლოკოს საქართველოსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ ამას ვახერხებთ“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
მინისტრის განცხადებით, 2005 წლის შემდეგ 2012 წლამდე ვერც ერთხელ ვერ იქნა მიღებული ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც 2014 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, ეუთო-ს ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან არსებული ძალიან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოველწლიურად, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ფარგლებში, საქართველოზე გადაწყვეტილებების მიღება.
მინისტრმა ასევე ისაუბრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ყოველწლიურ რეზოლუციაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ და აღნიშნა, რომ რეზოლუციამ ბოლო ორი წელი ახალი განზომილება შეიძინა და გასულ წელს 45 პარტნიორი ქვეყანა, წელს კი 54 ქვეყანა გახდა დოკუმენტის თანაავტორი. ეს კი, ზალკალიანის თქმით, ხაზს უსვამს პარტნიორების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.