საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ქართულ დიასპორას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.
ზალკალიანმა სამშობლოსგან შორს მყოფ თანამემამულეებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უმთავრეს მიზნად დაისახა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე ზრუნვა.
„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ დამდეგ შობასა და ახალს წელს, გისურვებთ ნათელ მომავალს, მშვიდობას და დღეგრძელობას!
პირველ რიგში, მადლობელი ვარ იმ უდიდესი თანადგომისათვის, რასაც წლებია, სამშობლოსგან შორს მყოფი თანამემამულეები გამოხატავთ სახელმწიფოს მიმართ. ჩვენი სამშობლოსთვის უაღრესად მიშვნელოვანია თქვენი სიძლიერე, წარმატება და კეთილდღეობა, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ უმთავრეს მიზნად დაისახა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე ზრუნვა.
ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა 2018 წელს, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება და განვითარება; პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში. შედეგად გაუქმდა ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას, შესაბამისად სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაშიც, ჩვენს თანამემამულეებს საშუალება ექნებათ შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა. ხოლო იმ პირებს, რომლებმაც ამ მიზეზით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა, მიენიჭათ მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს პარლამენტის და განსაკუთრებით დიასპორასთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის წვლილი“,- აღნიშნულია ზალკალიანის მილოცვაში.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო სახელმწიფო სტრატეგიის -„ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“ იმპლემენტაცია, რომელიც, ზალკალიანის თქმით, პირველი მსგავსი სახის დოკუმენტია და ემსახურება ქართული დიასპორის გაძლიერებას, მათ მეტ ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესში.
„2018 წელს „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წარმატებით დაგვირგვინდა უმნიშვნელოვანესი პროექტი, კერძოდ მომზადდა და დაიბეჭდა საკვირაო სკოლების ინტეგრირებული (ქართული ენა და ლიტერატურა, გეოგრაფია და ისტორია) სახელმძღვანელოების სამი საფეხურის კომპლექტი, რომელიც სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაეცემათ საზღვარგარეთ მოქმედ საკვირაო სკოლებს.
წარმატებით ავამოქმედეთ „ახალგაზრდა ელჩების პროგრამა“ და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს მივეცით შესაძლებლობა უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი ქვეყანა.
განვლილი 2018 წელი, საქართველოსთვის იყო გამოწვევების, მაგრამ ამავდროულად, ევროპული მისწრაფებებისა და ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადასვლის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, ეკონომიკური განვითარების, ახალი მიდგომებისა და სტრატეგიების შემუშავების წელი. ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესი იყო ქართული დიასპორის ჩართულობა და მხარდაჭერა. მადლობელი ვარ იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც ქვეყნის განვითარებაში შეგაქვთ. დარწმუნებული ვარ 2019 წელს, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ კვლავაც შევძლებთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დასძლევას და ჩვენი ქვეყნის ღირსეული, ევროპული მომავლის უზრუნველყოფას“,- აღნიშნულია დავით ზალკალიანის მილოცვაში.