დავით ზალკალიანი - პრემიერმა მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა, როგორც ოკუპაციის პრობლემის დასაძლევად, ასევე რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა, როგორც ოკუპაციის პრობლემის დასაძლევად, ასევე რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
დავით ზალკალიანის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია “თბილისის ფორუმის” შესახებ ინიციატივა, რომლითაც საქართველო გამოდის იდეით, შავი ზღვა და კავკასიის რეგიონი იქცეს კონფრონტაციისა და დაპირისპირებიდან, მშვიდობისა და კეთილდღეობის რეგიონად.
„პრემიერის გამოსვლა იყო კონცენტრირებული როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს წინაშეა, ასევე ამ გამოწვევებთან ეფექტიანი საშუალებებით გამკლავებაზე. მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ გაჟღერდა ახალი ინიციატივა. მოგეხსენებათ, რამდნიმე წლის წინ გაერო-ს ტრიბუნიდან საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზა “აბრეშუმის გზის ფორუმის” გამართვა, რაც რეალობად იქცა და თავის შედეგებს იძლევა. დღეს გაჟღერდა ახალი ინიციატივა “თბილისის ფორუმთან” დაკავშირებით, რომელიც ფოკუსირებული იქნება შავ ზღვასა და კავკასიაზე ანუ რეგიონზე, რომელიც დაპირისპირებისა და კონფრონტაციის რეგიონიდან უნდა გადაიქცეს მშვიდობისა და განვითარების რეგიონად, მნიშვნელოვანია, რომ ამის ინიციატორი გახლავთ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება.
მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ასევე იმ გაკვეთილებსა და დასკვნებზე, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიტანოს, კერძოდ, 2008 წლის ომსა და ოკუპაციიდან, რომელიც 2008 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო. დღეს 27 სექტემბერია და მოგეხსენებათ, არის მტკივნეული დღე თითოეული ქართველისთვის“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში საერთაშორისო თანამეგობრობას შეახსენა, რომ აუცილებელი იყო მათი მხრიდან რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე ადეკვატური რეაგირება, რათა ამას არ მოჰყოლოდა შედეგები იგივე უკრაინის სახით.
„მსოფლიო თანამეგობრობა სულ უფრო მეტად აცნობიერებს იმას რომ საჭიროა მკაფიო ნაბიჯების გადადგმა, რათა არ იყოს დაშვებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევა, ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის განცხადებები ამ საკითხზე, სადაც ისინი ამახვილებენ ყურადღებას, რომ გაერო უნდა გადაიქცეს უფრო ეფექტურ ორგანიზაციად და ეს მექანიზმები იყოს ეფექტიანად გამოყენებული“, – აღნიშნა ზალკალიანმა.