დავით ზალკალიანი - პრემიერმა გაახმოვანა მნიშვნელოვანი „სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივა“, ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში გამოსვლა მუდმივად ხასიათდებოდა კონკრეტული ინიციატივების წარმოჩენით
დავით ზალკალიანი - პრემიერმა გაახმოვანა მნიშვნელოვანი „სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივა“, ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში გამოსვლა მუდმივად ხასიათდებოდა კონკრეტული ინიციატივების წარმოჩენით

ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პრემიერმა გაახმოვანა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან, ეს გახლავთ ახალი ინიციატივა „სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის“ სახით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გაერო-ს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პრემიერ ღარიბაშვილის გაერო-ში გამოსვლა მუდმივად ხასიათდებოდა კონკრეტული ინიციატივების წარმოჩენით. დავით ზალკალიანის თქმით, პრემიერმა ღარიბაშვილმა 2014 წელს, გაეროს ტრიბუნიდან გააჟღერა თბილისის აბრეშუმის ფორუმის ინიციატივა, რომელიც  პრაქტიკულ განზომილებაშიც ითარგმნა და ეს ფორუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმად.

„ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პრემიერმა გააჟღერა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან, ეს გახლავთ ახალი ინიციატივა „სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის“ სახით. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მე მინდა ვთქვა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის გაეროში გამოსვლა, წინა წლები მაქვს მხედველობაში, მუდმივად ხასიათდებოდა კონკრეტული ინიციატივების წარმოჩენით. კარგად გვახსოვს, 2014 წელი, როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი გამოვიდა გაეროს ტრიბუნიდან, მან გააჟღერა თბილისის აბრეშუმის ფორუმის ინიციატივა და ეს არა მხოლოდ გაჟღერდა, არამედ, პრაქტიკულ განზომილებაშიც ითარგმნა და ეს ფორუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო და უაღრესად წარმატებულ ფორუმად, რომელმაც ქვეყანას მოუტანა კონკრეტული შედეგები სწორედ იმ დაკავშირებულობის და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას კონკრეტული შედეგები მოჰყვება.

„წლევანდელი წელიც გამორჩეულია, რადგანაც დღეს გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ახალი ინიციატივა გაჟღერდა – სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო, სამეზობლო ინიციატივა, რაც გულისხმობს იმას, რომ თბილისი იქცეს ერთგვარ პლატფორმად დიალოგისთვის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის. ეს არის საქართველოს მთავრობის, პრემიერის წამოწყებული ინიციატივა და კარგად დავინახეთ ბოლო თვეების განმავლობაში ის მედიაცია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაწია და რაც ამ ინიციატივის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გვინდა, რომ თბილისში მოვიწვიოთ საერთაშორისო შეხვედრები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მონაწილეობით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სადაც გაჟღერდება კონკრეტული ინიციატივები ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში, სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, ხალხთა შორის ურთიერთობის, კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით და ეს ინიციატივები, რომელიც გაჟღერდება ამ დიალოგის და სამშვიდობო ინიციატივის ფორმატში, აუცილებლად უნდა იყოს მხარდაჭერილი, პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამას ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეუერთდებიან ასევე საერთაშორისო პარტნიორები, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ის ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც არიან დაინტერესებული რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დაფუძნებით. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ეს გენერალური ასამბლეაც და პრემიერის ვიზიტი მთლიანობაში და რა თქმა უნდა, მისი გამოსვლა, ასევე დაგვირგვინდა ახალი კონკრეტული ინიციატივით და ისე, როგორც მისი წინა ინიციატივა ითარგმნა პრაქტიკულ განზომილებაში, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ახალ ინიციატივასაც კონკრეტული შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.