დავით ზალკალიანი - პრემიერმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ
პრემიერმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ვიდეოკონფერენციისას აღინიშნა, რომ როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ევროპული მხარდაჭერა.
„ვიდეოკონფერენციისას საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას. პრემიერმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის პრეზიდენტს იქ არსებული სიტუაცია. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, საოკუპაციო ძალები ახორციელებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ევროპული მხარდაჭერა, ევროპული სოლიდარობა, რაც გამოიხატა კიდეც ამ დღეებში ევროკავშირის ელჩის განცხადებით და ჩვენ მივიღეთ ასევე ევროკომისიის პრეზიდენტისგან რწმუნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც იქნება შეუქცევადი და მკაფიო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.