დავით ზალკალიანი - პრემიერის უშუალო მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მაღალი დონის კონფერენციაში კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს ევროპული გზა არის შეუქცევადი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება იყო „უაღრესად ყოვლისმომცველი“.
როგორც ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას განაცხადა, მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რომელიც საანგარიშო პერიოდში მთავრობის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებს გამოხატავდა.
კონკრეტულად საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებებზე გააკეთა აქცენტი.
„ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო გამოსვლის ის ნაწილი, რომელიც ჩვენს საგარეო პოლიტიკას ეხება. საგარეო პოლიტიკის კუთხით ჩვენ გვაქვს მართლაც მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები. ეს ხელშესახები შედეგები არის თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში, რაც პირველ რიგში გამოიხატა დეოკუპაციის მიმართულებით მთავრობის საქმიანობაში. როგორც არასდროს საქართველოს საკითხი ისე აქტუალურია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს ყველა საერთაშორისო ტრიბუნას, გაერო-ს უშიშროების საბჭოს კონტაქტებს, გენერალურ ასამბლეას“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ყველა შესაბამისი რეზოლუცია, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის თუ უშიშროების საბჭოს ფორმატშია განხილული, აქვს უაღრესად მაღალი მხარდაჭერა. აქვე ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს აქტიური საქმიანობა ჟენევის საერთაშორისო ფორმატში.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა და პრემიერის უშუალო ჩართულობით მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მაღალი დონის კონფერენციაში იყო კიდევ ერთი დასტური იმის, რომ საქართველოს ევროპული გზა არის შეუქცევადი.
„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რომელიც საანგარიშო პერიოდში იყო ასევე პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა, ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი ფორმატებია. აღმოსავლეთ პარტნიორობა და პრემიერის უშუალო ჩართულობით მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მაღალი დონის კონფერენციაში იყო კიდევ ერთი დასტური იმის, რომ საქართველოს ევროპული გზა არის შეუქცევადი. როგორც არასდროს, ისე მაღალია საქართველოს აქტიურობა ნატო-ს მიმართულებით, თუნდაც ის, რომ ნატო-საქართველოს სხდომა საქართველოში ჩატარდა. ხელშესახები შედეგები გვაქვს ახალი მიმართულებით როგორიცაა, მათ შორის შავ ზღვაზე უსაფრთხოება და თანამშრომლობა“, – განაცხადა ზალკალიანმა.