დავით ზალკალიანი - პრემიერისა და მაიკ პომპეოს საუბარი დადასტურებაა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან მრავალმხრივი ურთიერთობა გვაკავშირებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მრავალმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს, ეს პარტნიორობა ღრმავდება ყოველდღიურად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს კვლავაც განსაკუთრებულად უდგას გვერდით.
„აღსანიშნავია, რომ სწორედ პანდემიის გამო გადაიდო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია, რომელიც გიორგი გახარიასა და მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. საუბრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერთან საუბრისას სახელმწიფო მდივანმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას პანდემიასთან ბრძოლის კუთხით“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან საუბრისას ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, რომელიც ეხება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, უსაფრთხოებასა და პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებას.
„ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას სხვა მიმართულებებითაც. საუბრისას განხილული იყო ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა. მაიკლ პომპეომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ავროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს რეგიონში, ზოგადად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. პრემიერ- მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წარმოადგენს აშშ-ს, ნატო-სა და ევროკავშირის საიმედო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიამ და მაიკლ პომპეომ ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.
„აღინიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს მზარდი ინტერესი აქვთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი, რომლითაც დღემდე უკვე 300-ზე მეტი კომპანია სარგებლობს. მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის, გააგრძელოს ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. ყურადღება დაეთმო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს და ამ რეფორმებმა დაიმსახურა სახელმწიფო მდივნის მაღალი შეფასება. ასევე მომავალ საპარლამენტო არჩევნებსაც, რომელიც იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, მასაც რა თქმა უნდა, წარმატებით ჩავატარებთ. ამასთან, საუბრისას აღინიშნა, რომ აშშ-ს ელჩს კელი დეგნანსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამერიკა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, რაც უმნიშვნელოვანესია საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.